ფოთში შესული გემის ერთ-ერთ მეზღვაურს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, რის გამოც ეკიპაჟს ხმელეთზე არ უშვებენ

ფოთში შესული გემის ერთ-ერთ მეზღვაურს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, რის გამოც ეკიპაჟს ხმელეთზე არ უშვებენ
ფოთის ნავსადგურში შესული მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრებს ხმელეთზე არ უშვებენ.   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინფორმაციით ერთ-ერთ მეზღვაურს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მას სამედიცინო მომსახურება გემზევე გაეწია. 
 ,,6 მარტს, დილის საათებში ფოთის ნავსადგურში შემოვიდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი თ/მ ”IBERIAN BULKER”. გემმა 14 თებერვალს დატოვა ტუნისის ნავსადგური ბიზერტა. COVID-19 კორონავირუსთან დაკავშირებით, ნავსადგურში გამკაცრებული წესების შესაბამისად, ნავსადგურში შემოსვლამდე 48 საათით ადრე კაპიტნის მიერ მოწოდებული იქნა ინფორმაცია ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს 5 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. ეს მეზღვაური 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება გემზე. ამასთან, წინა ნავსადგურის დატოვების დროსაც, 14 თებერვალს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ იქნა დადასტურებული. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაცია წინასწარ იქნა დამუშავებული და ყველა შესაბამისმა უწყებამ მოახდინა კოორდინირება. დილის 10:10 საათზე გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი საჭირო ეკიპირებით, რომელმაც გასინჯა მეზღვაური და მისი განმარტებით სიმპტომები არ იძლევა ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის საშუალებას. პაციენტს დაენიშნა მკურნალობა და აეკრძალა ხმელეთთან კავშირი. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ, ეკიპაჟის ყველა წევრს აეკრძალა ნაპირთან კავშირი და შესაბამისად გემის ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დატოვებს გემს,“- ნათქვამია განცხადებაში.

leave your comment


თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *